წითელი ბრტყელი აგურით გულმოდგინედ ნაშენი ძველი ნანგრევი..... რა ახსოვს ნეტა...
-ტიფლისი.... აქლემის ყელივით უსწორმასწორო ქუჩები და მეტეხზე მერცხლის ბუდესავით მიკრული სახლები... ორთაჭალის მტკვრის გაშლილი ნაპირი... წარმოსადეგი, იერითა და მიხვრა-მოხვრით გამორჩეული, გვერდიგვერდ, სხვადასხვა რწმენის ტაძარში მლოცველი ქალაქელები.
ავლაბრიდან თუ ნარიყალადან შრომით დაღლილი ტიფლისელები, ბოჰემურ ცხოვრებას გადაყოლილი, გოგირდის აბანოებში ლხინგამოვლილი და ანთებული სანთლებით ქუჩებში სიარულით გათანგული.. შავჩოხაში, წითელი აბრეშუმის პერანგებით და შავი ატლასის ახალუხით, მორთული ბრგე და პირბუდაღი ყარაჩოღელები ვერცხლის ქამრებით, გარიბალდის ქუდით, ვერცხლის ჩიბუხით, ქისა წეკოთი... წამით დაეყრდნობოდნენ ძმაკაცებივით და მერე შეაღებდნენ ლაღად რომელიმე საჭაშნიკოს კარს და იწყებოდა :...
-,,ეს გაუმარჯოს იმ მებაღეს, ვენახში რომ გაივლის, დაწოლილ ვაზს შეამჩნევს, წამოაყენებს, ახეირებს, ნაყოფს გამოაღებინებს, დაჰკრეფს, დაწურავს, დალევს და სხვასაც დაალევინებს”.
აივნებიდან ორთაჭალის ტურფებზე აშუღების შეთხზული ექსპრონტი ლექსები, რომელსაც გონების ფირფიტით ატარებდნენ,თუმცა ხშირად ქეიფზე დაბადებული ნამთვრალებ ღამეებში, სადრეგრძელოებში უგზოუკვლოდ იკარგებოდა...
ბესიკის, საიათნოვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიშაშვილის,ჰაზირას, განჯისკარელის, იეთიმ-გურჯის, ბეჩარას ლექსებით სულგანაბული დროების მომსწრე და ჩიკორა, თვალმანკი, დაწინწკლული ჩითის პერანგიანი ხუმარა და ცუღლუტი კინტოების მნახველი.
ამ ნანგევებზე რა უნდა დაიბადოს უკეთესი თუ არა დროში მოგზაურობის ოცნების გაცოცხლება.
ამ ფიქრებითაა ნაშენი რესტორანი ”სამი საუკუნე”. რამდენიმე საფეხური გვაშორებს წარსულსა და მომავალთან.
პირველ სართულზე XIX საუკუნე, აქ ყარაჩოღლურ რომანტიკას მონატრებული დროა, სადაც ახალ ეპოქას, მხოლოდ მინის კარი ყოფს. მყუდრო წიფლის მორებით გაწყობილ დარბაზში, ყარაგიოზას თეთრ ტილოზე მოძრავი ჩრდილების თეატრის ნაცვლად, ძველ ფოლკლურულ და ხალხურ მუსიკას თანამედროვე მონიტორები გადმოსცემენ.
მეორე სართულზე XX საუკუნის ნაჩვევი და ახლობელი დარბაზებია. თბილისში პირველი ორთქლის მანქანების, ევროპული მოდისა და თბილისური არქიტექტურის ფოტო გალერეა, მომცრო და მყუდრო გარემოშია მიმობნეული.
მესამე სართული XXI საუკუნეა, სადაც ნათელი, მაღალი და ღია ფერებით მორთული მომავლის საოცნებო საღამოების დარბაზი გველოდება ცოცხალი აკუსტიკური მუსიკით და წარმოსახვითი ვიზუალური ჩვენებით.
მობრძანდით! გელით, გაშლილი ხელით.
|